რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი განაახლა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანამ 5,981 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14-ჯერ აღემატება. გასული წლის ოქტომბერში საქართველომ მხოლოდ 414,4 ათასი დოლარის დენი შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ წელს ოქტომბერში საქართველომ ელექტროენერგია თითქმის სულ რუსეთში იყიდა – 5,979 მლნ დოლარის ღირებულების, მხოლოდ 2,42 ათასი დოლარის შეიძინა აზერბაიჯანში.
შეგახსენებთ იმასაც, რომ წელს საქართველოდან საკმაოდ დიდი მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა მხოლოდ სექტემბრის ჩათვლით. ჯამში 2022 წლის 9 თვეში ქართული დენის ექსპორტმა 84,338 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 455,4%-ით მეტია.