ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო(IAEA) უახლოეს კვირებში ბირთვული უსაფრთხოების მისიას გაგზავნის უკრაინის სამ – იუჟნოუკრაინსკის, ხმელნიცკის და როვნოს მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებზე და ჩერნობილის დახურულ ატომურ სადგურზე. საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ექსპერტების გაგზავნა უკრაინამ ითხოვა. გროსის თანახმად, თავდაპირველად თითოეული მისია დაახლოებით ერთ კვირას გასტანს და საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მუდმივად იმყოფებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ნოემბრის დასაწყისში, სააგენტომ დაასრულა უკრაინის რამდენიმე ბირთვული ობიექტის შემოწმება. საერთაშორისო სააგენტოსგან ინსპექტირება უკრაინის მთავრობამ ითხოვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევი დაადანაშაულა „ბინძური ბომბის“ შექმნისა და გამოყენების მცდელობაში. სააგენტოს ექსპერტებს უკრაინის ამ ობიექტებზე „ბინძური ბომბის“ შექმნის კვალი არ აღმოუჩენიათ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის მონაწილეებს მიმართა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის და მისაღებია გადაწყვეტილებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს. კიევის წინადადებებს შორისაა რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
წყარო: radiotavisupleba.ge