რა კეთდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის? როგორც „კომერსანტს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, ამ მიზნით სააგენტოს მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა და უკვე ამოქმედებული სტანდარტების პარალელურად მომავალი წლიდან კიდევ დამატებითი სტანდარტი ამოქმედდება.
სააგენტოში აცხადებენ, რომ 2023 წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მიმართ სტანდარტი მეტად მკაცრდება.
როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, დღეისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე გამონაბოლქვის მიმართ მოქმედებს შემდეგი სტანდარტი:
1. გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ევროპული სტანდარტი (0.5% და 0.3%), კატალიზატორის არსებობის მოთხოვნა და ლამბდა კოეფიციენტი (1 +-0,03) ვრცელდება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რომლებმაც 2020 წლის 1 აპრილიდან საქართველოში გაიარეს პირველად რეგისტრაცია.
2. 2020 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის მიმართ დადგენილია შემდეგი ეტაპები:
2020 წლის 1 აპრილიდან – 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულ ინსპექტირებაზე მოქმედებს – 0.7%
2021 წლის 1 იანვრიდან – 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულ ინსპექტირებაზე მოქმედებს – 0.6%
აქვე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან გამონაბოლქვის მიმართ სტანდარტი მეტად მკაცრდება შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:
2023 წლის 1 იანვრიდან – 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განსახორციელებელ ინსპექტირებაზე იმოქმედებს – 0.55%.
2024 წლის 1 იანვრიდან – 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განსახორციელებელ ინსპექტირებაზე იმოქმედებს – 0.5%.
2025 წლის 1 იანვრის შემდგომ განსახორციელებელ ინსპექტირებაზე იმოქმედებს – 0.5% (უქმ სვლაზე) და 0.3% (მაღალ ბრუნზე) – ევროპული სტანდარტი.
„ასევე, აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების და არსებულ ავტოპარკში EURO VI უსაფრთხო კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ხელშეწყობის მიზნით, “ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 05 აპრილის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2023 და 2024 წლებისთვის განკუთვნილი კვოტის 2/3 განაწილდება „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე“, – აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.
წყარო: commersant.ge