რა ელოდება ნავთობის მსოფლიო ფასებს ახლო მომავალში? საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley–ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დოლარის კურსის ვარდნა წელს ნავთობს ბარელზე 20 დოლარამდე გააიაფებს. ორი დღის წინ კი ირანის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა ფერეიდუნ ფეშერაკიმ განაცხადა, რომ უკვე მარტისთვის ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე დაეცეს.
Morgan Stanley–ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დოლარის 5%–იანი გაძვირების შედეგად ნავთობის ფასები 10–15%–ით დაიწევს, წლის დასაწყისიდან დღემდე დოლარი ევროსთან მიმართებაში 8,4%–ით გაძვირდა, ბრიტანულ ფუნტთან მიმართებაში კი 4,5%–ით.
„დოლარის კურსის ზრდის გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებლად მივიჩნევთ ბარელზე 20–25 დოლარის სცენარს,“ – აცხადებენ ანალიტიკოსები, რომელთა სიტყვებიც Bloomberg–ს მოჰყავს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ Morgan Stanley ერთადერთი საინვესტიციო ბანკი არ არის, რომელიც ნავთობის ფასის 20 დოლარამდე ვარდნას პროგნოზირებს. მსგავსი პროგნოზით გამოვიდნენ Goldman Sachs–ის ანალიტიკოსები, თუმცა ამის მიზეზად მათ ნავთობის საცავებში ადგილის არქონა დაასახელეს.
გასული კვირის ბოლოს ფერეიდუნ ფეშერაკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე ირანული ნავთობის ექსპორტის გაზრდის შედეგად, რაც სანქციების მოხსნის შედეგად გახდა შესაძლებელი, ნავთობის ფასი უკვე მარტისთვის შესაძლოა 25 დოლარი გახდეს.
წყარო: კომერსანტი