ევროკავშირმა და ყაზახეთმა ენერგომატარებლების მიწოდების შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირი და ყაზახეთი ენერგიისა და ნედლეულის მიწოდებაზე ერთობლივ მუშაობას გააფართოებენ. შესაბამის შეთანხმებას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ყაზახეთის პრემიერ–მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ორშაბათს, 7 ნოემბერს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის გაფორმების ცერემონია გაეროს კლიმატის 27–ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ეგვიპტეში მიმდინარეობს.

ევროკომისიის პრეს–სამსახურის ცნობით, შეთანხმების მიზანია გარკვეული სახის ნედლეულის მიწოდება და საწარმოო ჯაჭვების განვითარება წყალბადის წარმოებისთვის, ასევე ბატარეების დამზადება გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე.

როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი და ყაზახეთი სამთო–მომპოვებელ და ნავთობგადასამუშავებელ დარგებში ერთობლივი პროექტების შემუშავებას უახლოესი 6 თვის განმავლობაში დაიწყებენ.

ყაზახეთთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი მანამდე გერმანიამაც გამოთქვა.

ევროკავშირის ახალი ეკონომიკური პარტნიორები

ჩინეთიდან მიწოდებაზე ზედმეტად დამოკიდებულება ევროკავშირში განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იგრძნეს. ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა სამხედრო აგრესიამ გამოავლინა ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც თითქმის სრულად იყვნენ დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე. დღეს ევროკავშირი ახალ ეკონომიკურ პარტნიორებს ეძებს.

ფონ დერ ლაიენმა შარმ–ეშ–შეიხში მიმდინარე გაეროს კონფერენციის ფარგლებში ტელეკომპანიებთან ინტერვიუში თქვა, რომ მას მწვანე წყალბადის წარმოების შეთანხმების გაფორმება ნამიბიასა და ეგვიპტესთანაც სურს.

მანამდე ევროკომისიაში ამბობდნენ, რომ განიხილება სენეგალთან, ვიეტნამთან, ინდოეთსა და ინდონეზიასთან თანამშროლობის საკითხები.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply