კახა კალაძე - დეფიციტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება

თანხა გაზის ნაცვლად – საქართველოს „გაზპრომთან“ ტრანზიტის პირობების შეცვლა სურს

საქართველოს სურს, „გაზპრომისგან“ გაზის ტრანზიტის საფასურად აღნიშნული გაზის 10%–ის ნაცვლად შესაბამისი ფულადი ანაზღაურება მიიღოს.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მანვე „გაზპრომთან“ დაკავშირებით ექსპერტების შეფასებებს „მარაზმი“ უწოდა.

როგორც კალაძემ განმარტა, მოლაპარაკებები ქართული მხარისთვის “ძალიან მნიშვნელოვანია”. ამასთან, მან ხაზი გაუსვა რომ არ არის პირველი წელი, როდესაც ქართულ მხარეს “გაზპრომთან” ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება. “თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები – გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე ანუ ჩვენს მიერ გატარებული 10 პროცენტიანი მოცულობის მაგივრად გადაგვიხადონ თანხები. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ე.წ. ექსპერტების მხრიდან. თუ ვინმეს მართლა აქვს სერიოზული სურვილი გაიგოს დეტალები, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე მზად ვარ ამ ადამიანებს შევხვდე – მოვიდნენ და მივაწვდით ყველა რეალურ ინფორმაციას”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ იგებს ქართული მედია “გაზპრომის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ძირითადად რუსული და აზერბაიჯანული მედიით, კალაძის განცხადებით, ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით მისმა უწყებამ განცხადება გააკეთა. “თუმცა მინდა გითხრათ, რომ შეთანხმება არ არის მიღწეული. სამუშაო შეხვედრების შედეგად, რომელიც რამდენჯერმე შედგა, რეზულტატი არ დამდგარა. როდესაც გარკვეული შეთანხმება შედგება, ყველასთვის იქნება ცნობილი “, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ საუბარია “გაზპრომთან” ახალ, 1-წლიან ხელშეკრულებაზე.

წყარო: კომერსანტი

Leave a Reply