ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა.
ეს მარშრუტებია – „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს.
„ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება”, – აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), საექსპორტო ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ყაზახი გადამზიდავებისთვის ყველაზე ეკონომიური მარშრუტია.
„დამატებითი მარშრუტების განვითარების განხილვა დამოკიდებული იქნება მათ პოტენციალზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებზე. ამასთან, ტექნიკური ფაქტორების ჩათვლით და ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდის გათვალისწინებით“, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
წყარო: europetime.eu