კონკურენციის სააგენტომ შპს „ბათუმის ნავთოპტერმინალის” მხრიდან, ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დაადასტურა. კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2015 წლის 12 თებერვალს კონკურენციის სააგენტოში, ეკონომიკის სამინისტროსგან გადაგზავნილი იქნა შპს „MG”-ის, უცხოური საწარმოს ფილიალის-„ვიბრო დიაგნოსტიკი FZE”-ის და შპს „ლუკოილ ჯორჯია”-ს წერილები, კომპანიები ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმის ნავთობტერმინალის” მიერ „კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევის შესახებ.
კერძოდ, შპს MG-ის და შპს „ლუკოილ ჯორჯია”-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს MG-ის საწვავი უნდა შეესყიდა ბათუმის ნავთობტერმინალში. სახელშეკრულებო პირობების შესასრულებლად, შპს MG-ის ესაჭიროებოდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი”-ს ტერიტორიაზე არსებული მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზის ვაგონცისტერნის შეკვეთა და შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტრაგენტად დადგომა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შპს „ლუკოილ ჯორჯია”-მ და უცხოური საწარმოს ფილიალმა „ვიბრო დიაგნოსტიკ”-მა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალ”-ს მიმართეს შპს „MG”-ის კონტრაგენტად დადგომის მოთხოვნით, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, განმცხადებლის ინფორმაციით, სახეზე იყო შერჩევითი მიდგომა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი”-ს მხრიდან მისასვლელი ლიანდაგის სარგებლობასთან დაკავშირებული თანხმობის გაცემისას, რაც კომპანიების მტკიცებით „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, სახელდობრ – დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 6 მარტს გამოცემული N34 ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი”-ს ტერიტორიაზე ეკონომიკურ აგენტთა დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტსა და საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინლათა საქმიანობის ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად.
მოკვლევის პროცესში სააგენტომ მიიღო ინფორმაცია, როგორც სხვადასხვა უწყების მხრიდან, ასევე, შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისგანაც როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ახსნა-განმარტებების სახითაც.
სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი”-ს მიერ წარმოებულ საფასო პოლიტიკაში არ იკვეთება „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ნიშნები და წინაპირობები.