ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

UNDP-მ ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

75 გამომგონებელი, ბიზნესი, სტარტაპი და საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ივლისში გამოაცხადა. კონკურსმა გამოავლინა სახალხო გამოგონებები, რომლებიც ხელს უწყობენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ენერგიის დაზოგვასა და მისი მოხმარების მონიტორინგს.

ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსს მხარს უჭერდა გერმანია და ყატარი UNDP-თან მათი უფრო ფართო თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება 1 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ლიდია ქრისთმანი, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების დეპარტამენტის უფროსი და ნასერ საად ალ-ნუაიმი, საქართველოში კატარის სახელმწიფოს საელჩოს მეორე მდივანი.

მათ გამარჯვებულებსა და მონაწილეებს პრიზები და სერტიფიკატები გადასცეს და მწვანე და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

100,000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი ხუთ გამოგონებას შორის განაწილდა. თითოეულმა ავტორმა ან ავტორთა ჯგუფმა 20,000 ლარი მიიღო, რაც  მათი გამოგონებების სამუშაო პროტოტიპების შექმნას, შემდგომ განვითარებასა და პრაქტიკულ განხორციელებას მოხმარდება.

„გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება ქართველ გამომგონებელთა კრეატიულობასა და შემართებას. მათ მიერ წარმოდგენილი პროექტები მწვანე, კლიმატგონივრული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობის მიზნებს პასუხობს“, – განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

„გერმანია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათეულშია განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის დანერგვის მხრივ. მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ საქართველოში განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების გამოყენებას და სახალხო გამოგონებების გამოვლენას“, აღნიშნა ლიდია ქრისთმანმა.

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიები მსოფლიოს 116 ქვეყანაში მოქმედებენ. მათი მიზანია თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენება განვითარების გამოწვევების საპასუხოდ. საქართველოში სწრაფი განვითარების ლაბორატორია 2020 წელს გაიხსნა. მისი საქმიანობა რამდენი მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევა, ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა, და კლიმატის ცვლილებასთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლა და საზოგადოებისთვის ახლებურად მიწოდება.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply