უკრაინა გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მოპოვებას განაახლებს

უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მოპოვება განახლდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„უკრგაზდობიჩას“ ინფორმაციით, ამის შედეგად ქვეყანა დღე-ღამეში 500 ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ობიექტთა ნაწილზე გაზის მოპოვება უკვე განახლდა, სხვებზე კი ის განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

„სამხედროების დახმარებით იმ საბადოების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საბრძოლო მოქმედებების ზონაში მდებარეობს, მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ ნელ-ნელა ვიბრუნებთ ჭაბურღილებზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და დანადგარებზე წვდომას. განაღმვის შემდეგ ობიექტებზე მუშაობის განახლება ხდება. ზოგიერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მოპოვება ომის წინანდელ მაჩვენებელს გაუტოლდა“ – განაცხადა „უკრგაზდობიჩას“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე რომანიუკმა.

რამდენიმე კვირის წინ ლვოვის ოლქში ჭაბურღილი ამოქმედდა, რომლითაც დღე-ღამეში 115 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება ხდება.  ეს დასავლეთ უკრაინისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.  2022 წლის სექტემბერში უკრაინაში ბუნებრივი აირის ახალი ჭაბურღილების ბურღვის ოდენობამ ომის დაწყებიდან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

წყარო: pia.ge

Leave a Reply