ევროსაბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს შეხვდება. „ევროკავშირი მზადაა ცენტრალურ აზიასთან კავშირების გასამყარებლად და რეგიონული თანამშრომლობის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ყაზახეთში ვიზიტის წინ შარლ მიშელმა.
როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებები ენერგეტიკულ თანამშრომლობას და სატრანსპორტო პროექტებს შეეხება, რაც მხარეების ინტერესებში შედის.
შარლ მიშელი ყაზახეთში თოყაევის მიწვევით ჩავიდა. ამ თემაზე საუბარი მათ შორის ჯერ კიდევ ზაფხულში შედგა. თოყაევმა მიშელი დაარწმუნა, რომ ყაზახეთს შეუძლია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუფერული ბაზრის როლის აღება. მანვე ევროკავშირს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღოს ახალი ტრანსკონტინენტური სატრანზიტო მაგისტრალების განვითარებაში, მათ შორის ტრანსკასპიური მარშრუტის.
რუსეთში ფიქრობენ, რომ აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა შუააზიური ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით ევროკავშირის ბაზრისთვის მიწოდება იქნება. მოსკოველი ექსპერტები ასტანას ურჩევენ, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად რუსეთის ინტერესებიც გაითვალისწინოს.
ევროკავშირში შუააზიური ენერგომატარებლების მიწოდების საკითხს შარლ მიშელი ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებთან შეხვედრაზე განიხილავს. სხვათა შორის, ამ დღეებში აშხაბადში საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა „თურქმენეთის ნავთობი და გაზი – 2022“ მიმდინარეობს, რომელშიც 45 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ევროკავშირისთვის თურქმენული გაზის იმპორტი რეალისტური შეიძლება გახდეს, თუმცა ამისთვის ფულის ჩადებაა საჭირო შესაბამის ინფრასტრუქტურაში. თუმცა, ერთადერთი გზა, სადაც თურქმენული გაზსადენი შეიძლება გავიდეს ევროპის მიმართულებით, კასპიის ზღვის ფსკერია. ამ პროექტს რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან პროექტის რეალიზაციით რეგიონში გაზის უმსხვილესი მომპოვებელი თურქმენეთი ევროპის ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისებას და სამომავლოდ რუსეთის ენერგოგიგანტის გაზპრომის ოფსაიდში დატოვებას შეძლებს.
წყარო: gbc.ge