უნგრეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის იმპორტით

უნგრეთი აქტიურად მუშაობს მსხვილ ენერგეტიკულ ინიციატივებზე, მათ შორისაა ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით.

აღნიშნულის თაობაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მყოფ ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ორბანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე, რომლის ღირებულებაც მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. შესაბამისად, ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მიზნით, უნგრეთი ახალ ინიციატივებს აქტიურად ავითარებს.

„გვინდა გვქონდეს ახალი დიდი ელექტროგადამცემი ხაზები და მივიღოთ ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით. აღნიშნული ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ დიდი მოცულობის ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ“, – განაცხადა ორბანმა.

მისი სიტყვებით, ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში ქვეყანა ბუნებრივი აირის იმპორტს შეამცირებს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ერთგულია ხსენებული ინიციატივის, რადგან ის უნგრეთისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენ გვინდა დავძლიოთ ენერგეტიკული და მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ერთ-ერთი ენერგორესურსების ევროკავშირის გარეთ ოძებაა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანმა აღნიშნა, რომ შორეული ქვეყნებიდან ენერგიის იმპორტის დიდი მოცულობის გათვალისწინებით, აღნისნული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში ვიზიტის დროს, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

Leave a Reply