ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული ენერგომომარაგების გზების ელაბორაცია, შექმნა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„შესაბამისად, საუკეთესო გზა – ყველაზე ახლო, ყველაზე რენტაბელური და გეოგრაფიულად მისაღები, რა თქმა უნდა საქართველოზე გადის. აქ იგულისხმება ცენტრალური აზიიდან და კასპიის რეგიონიდან ენერგორესურსების ტრანსპორტირება ევროკავშირის მიმართულებით, თუმცა მარტო ენერგორესურსებზე არ არის საუბარი, ეს გაცილებით მასშტაბურ ხასიათს ატარებს. აქ საუბარია ასევე ტვირთებზე თუნდაც ჩინეთიდან“, – აღნიშნა ხატიაშვილმა.