მოლდოვას მთლიანად მოუწია რუსულ ელექტროენერგიაზე გადასვლა

მოლდოვა საჭირო ელექტროენერგიის მთელ მოცულობას მოლდავსკაიას GRES-დან იღებს, რომელიც დნესტრისპირეთში მდებარე საწარმო Inter RAO-ს ეკუთვნის.

ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი რუსეთის მასიური დარტყმის შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, ელექტროენერგიის აქამდე არსებული წყაროებით მიღება მოლდოვის რესპუბლიკისთვის ჯერ კიდევ შეუძლებელია.

დღეისათვის რუსული ელექტროენერგიის წილი 70%-ია, მოლდოვა კიდევ 30%-ს უკრაინაში ყიდულობს.

„მოლდოვა პირდაპირ დაზარალდა უკრაინის რუსული ტერორისტული დაბომბვისგან. ჩვენ ხომ მოხმარებული ელექტროენერგიის 30%-ს მეზობელი ქვეყნიდან ვყიდულობთ. ახლა ჩვენი პრიორიტეტია ამ მძიმე ვითარებაში ქვეყანას ელექტროენერგია უახლოეს პერიოდში მივაწოდოთ რაც შეიძლება დაბალ ფასად“, – აღნიშნა სპინუმ.

მან ასევე დაამატა, რომ სს მოლდოვაგაზმა MGRES-ს დამატებითი 0,9 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოუყო 24 საათის განმავლობაში საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოებისთვის, ხოლო კიშინიოვი გააგრძელებს კონსულტაციებს ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირთან, უკრაინასთან და რუმინეთთან.

მინისტრმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მოქალაქეების ინფორმირებას ხელისუფლების ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply