უკრაინის ენერგოკომპანია: გამოირთო ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან დამაკავშირებელი ბოლო ხაზი

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, დღეს, 17 ოქტომბერს, რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქვესადგური, რომლის დაზიანების შედეგად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დამაკავშირებელი ბოლო, 750-კილოვოლტიანი ხაზი. ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა სადგურის სარეზერვო ტრანსფორმატორი და ჩაირთო დიზელზე მომუშავე გენერატორები.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის განცხადებით, რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა და ამჟამად ცდილობს უკრაინა და დანარჩენი მსოფლიო დააშანტაჟოს დაცხრილვით იმ ქვესადგურებისა, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს კვებავენ. კომპანია საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონის დემილიტარიზაციის, იქიდან რუსი სამხედროების გაყვანის და სადგურზე უკრაინის სრული კონტროლის აღსადგენად.

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო ადმინისტრაცია ატომური ელექტროსადგურის რაიონის დაცხრილვაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს.

ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ქვეყნის ეს ნაწილი რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავეს უკრაინაში შეჭრიდან მალევე. ატომური ელექტროსადგურის მართვას უკრაინული პერსონალი განაგრძობდა.

2022 წლის 30 სექტემბერს, პრეზიდენტმა პუტინმა ზაპოროჟიეს ოლქი ანექსირებულად გამოაცხადა. რუსმა სამხედროებმა მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გააძევეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იგორ მურაშოვი.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply