რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ – საჰაერო იერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ხშირად ისმის და მოქალაქეები, მის დასრულებამდე, თავშესაფრებში რჩებიან. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო, კიევისა და კიევის ოლქის მოსახლეობას მოუწოდებს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდონ.
„კიევის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაბომბვის შემდეგ, გვაქვს სერიოზული შედეგები, მაგრამ მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია. დღეს საჭიროა, რაც შეიძლება რაციონალურად მივუდგეთ ელექტროენერგიის მოხმარებას“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.
მისი თქმით, თუ მოსახლეობა ამ რჩევას არ გაითვალისწინებს, მოსალოდნელია ელექტროენერგიის გათიშვა. მანამდე, კომპანია „უკრენერგომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი სერიოზულად დაზიანდა.
რუსულმა ძალებმა ასევე ერთ დღეში დონეცკის ოლქის 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს და 21 საცეცხლე შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ქალაქები : ავდიივკა, კრასნოგოროვკა, ბახმუტი, ტორეცკი, დაბა ოჩერეტინო, სოფლები დრუჟბა, კარლოვკა, ლასტოჩკინო, მაქსიმილიანოვკა, სოლოვიევო და ხრომოვო.
რუსმა სამხედროებმა აღნიშნული ტერიტორიები „გრადებითა“ და არტილერიით დაბომბეს. განადგურდა და დაზიანდა 30 სამოქალაქო ობიექტი, მათგან 26 კერძო სახლი.
დღეს, რუსული ძალები თავს დაესხნენ კონსტანტინოვკას, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დაინგრა.
გარდა ამისა, სარაკეტო იერიშები დაფიქსირდა ქალაქ კრასნოგოროვკასა და სოფელ მაქსიმილიანოვკაში. რუსული ჭურვები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, არიან დაშავებულები. რუსულმა ძალებმა ბახმუტი არტილერიით დაბომბეს, დაზიანდა 17 კერძო სახლი, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, რუსული ძალები ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ.
„ყურადღება! მტრის სარაკეტო თავდასხმა საოლქო ცენტრზე“, – წერს სტარუხი და ზაპოროჟიეს მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქს „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ბრძოლის ველი რთულია, მაგრამ კონტროლირებადი, რადგან უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას, რათა რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები დავიბრუნოთ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელ მებრძოლებს უკრაინის დამცველების დღე მიულოცა.
„სასტიკი ბრძოლების დროს, რუსული ჭურვების ფოლადის წვიმის ქვეშ, ჩვენი მიწის ყოველ მტკაველს ვიცავდით. შევაჩერეთ მტრის შემოტევა და დავასამარეთ მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ. ახლა კი ვიბრუნებთ, რაც ჩვენია – ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს“, – აცხადებს ზალუჟნი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, აშშ და გერმანია უკრაინას საზენიტო სისტემებს ოქტომბერში მიაწვდიან.
„არსებობს აშშ-ის გადაწყვეტილება, მოგვაწოდონ ძალიან ცნობილი NASAMS-ის სისტემა: პირველი რამდენიმე პარტია. ჩვენი სპეციალისტები უკვე გადიან წვრთნებს. მათ ამ თვეში გადმოგვცემენ“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, გერმანული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ასევე ოქტომბერში ჩავა.
რუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფში და თავდაცვის სამინისტროდან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება არ წამოსულა.
„როდესაც დაიწყო ამ სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ის. ეს საინფორმაციო ბაზა ახლა ახლდება, თანამედროვე საფუძველზე და იქნება მაქსიმალურად სანდო. მიმაჩნია, რომ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკვე დასრულებულია“, – განაცხადა პუტინმა.
მისი განმარტებით, კონტაქტის ხაზის სიგრძე ათას კილომეტრს აჭარბებს და მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცებით შეუძლებელია, ამიტომ საჭირო გახდა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.
თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ რუსეთს ცინიზმი ახასიათებს და ხშირად იმას სხვებს აბრალებს, რასაც თავად აშავებს. იგივე ხდება ახლაც, როცა პუტინი ქერჩის ხიდის აფეთქების გამო, უკრაინას ტერორისტულ ქვეყნად მოიხსენიებს.
პოლკოვნიკი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეს ცინიზმი ქართველებმა 90-იან წლებში და სულ ახლახანს 2008 წელს ვიწვნიეთ. ამიტომ რუსეთის განცხადებები და ქმედებები, ყველაზე მეტად ქართველებს არ გვიკვირს. რაც შეეხება კიევის დაბომბვას, ბარბაქაძე ფიქრობს, რომ ეს არის პუტინის შურისძიება ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით, თუმცა, კიდევ საკითხავია ვინ ააფეთქა ეს ხიდი.
„პუტინი უკრაინის ქალაქების დაბომბვას ვფიქრობ ყურადღების გადასატანად აგრძელებს. ეს არის გამწარებული ადამიანის სასოწარკვეთილი ქცევა, რადგანაც ფრონტის ხაზზე წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ, ის იძულებულია საკუთარი მოსახლეობის ყურადღება სრულიად სხვა მიმართულებაზე გადაიტანოს. ხარკოვის მიმართულებაზე, როდესაც პუტინმა უკრაინელების წარმატება დაინახა, მიხვდა, რომ სამხედრო გზით ის ამ ომის მოგებას ვერ მოახერხებს.
„ამიტომ, მაშინვე შურისძიების, დაშინების და ტერორის ნაზავი დაიწყო, რასაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმები ჰქვია. ის ენერგოობიექტებს ურტყამს. მას სურს, რომ ცივი ზამთრით ისარგებლოს და უკრაინელები გაყინოს.
„საერთოდ პუტინს ზამთრის ძალიან დიდი იმედი აქვს. ფიქრობს, რომ გაზით ევროპელებს დააშინებს და ისინი უკრაინელებზე ზეწოლას დაიწყებენ. ასევე, უკრაინელების მედეგობას დააზიანებს, შეწყვეტენ ასეთი მასშტაბით წინააღმდეგობის გაწევას და გატეხილი უკრაინელების დამორჩილება ფრონტის ხაზზე გაუადვილდება.
„პუტინი ფიქრობს, რომ ახლა უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან იძულებით უნდა დასვას, რადგან სხვაგვარად დასათმობი საბოლოოდ მას უფორ ექნება“, – ამბობს აკია ბარბაქაძე.
მისივე თქმით, პუტინი ჩქარობს და ცდილობს, სადაც ახლა ფრონტის ხაზი გადის ის რეალურ საზღვრად აქციოს. დანარჩენს ფიქრობს, რომ მოაგვარებს, მთავარია ახლა ეს მაინც გაიფორმოს, რაც ამ ხნის განმავლობაში დაიკავა. თუმცა, პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ფორტუნამ პუტინს უკვე დიდი ხანაი ზურგი აქცია და მისი ჩანაფიქრები ვერ ხორციელდება.
„უკრაინელი ხალხი ასეთ პირობაზე არ წავა, მათ აქვთ მოთხოვნა და ეს სწორია. უკრაინელები ითხოვენ 1991 წლის გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში მოხდეს რუსეთის ჯარის დაბრუნება.
„საოკუპაცია ჯარებმა მთლიანად და უპირობოდ უკრაინის ეს ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვონ. ეს არის ახლა ორივე მხარის ჭიდილის მთავარი მიზანი. კი გასაგებია, რომ პუტინს ახლა ერთადერთი კოზირი რაც ხელში უკავია ბირთვული იარაღია.
„ფაქტობრივად ამ სარაკეტო დარტყმებით ის მთელს მსოფლიოს ეუბნება, რომ დიახ, ეს ფაშიზმი და ტერორიზმია. მის მიერ ქალაქების დაბომბვას არანაირი სამხედრო მიზანი არა აქვს.
„ეს არის დაშინება და შანტაჟი, რათა მან პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. პასუხი უკვე ვიცით, რომ უკრაინელები აპირებენ რუსების ფრონტის ხაზზე პირწმინდად განადგურებას.
„რუსების არმია ახლა ბრძოლის ველზე ძალიან უსუსურად გამოიყურება და ვიცით, რომ უკრაინელებს მათი დამარცხება აღარ უჭირთ. სწორია უკრაინელების მიდგომა, რადგან პოლიტიკა ბრძოლის ველზე წყდება. მთელს მსოფლიოს მოუწევს უფრო მძიმე სცენარებისთვის მომზადება და პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს თუ არა ეს არავინ იცის, ამიტომ საფრთხე დიდია“,-ამბობს ბარბაქაძე.
წყარო: resonancedaily.com