ევროკავშირს ჯერ არ განუხორციელებია „ლურჯი საწვავის“ ერთობლივი შესყიდვები, თუმცა გაზაფხულზე შეიქმნა სპეციალური პლატფორმა მსგავსი ოპერაციებისთვის. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ტიმ მაკფიმ განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ ევროკავშირმა შექმნა ენერგეტიკული პლატფორმა. ევროკომისიის მასალებში მითითებულია, რომ ის ჩამოყალიბდა აპრილში, გეგმის თანახმად, პლატფორმა მთავარ როლს შეასრულებდა მოთხოვნის გაერთიანებაში, ინფრასტრუქტურის გამოყენების კოორდინაციაში, საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებსა და ევროკავშირში ბუნებრივი აირისა და წყალბადის ერთობლივი შესყიდვისთვის მომზადებაში. პლატფორმა არის ნებაყოფლობითი კოორდინაციის მექანიზმი.
”თუმცა, ჩვენ ჯერ არ განგვიხორციელებია ერთობლივი შესყიდვები”, – აღნიშნა მაკფიმ.
ევროკავშირი სავარაუდოდ 18 ოქტომბერს წარადგენს წინადადებას გაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის დაწყების შესაძლებლობის შესახებ, შემდეგ კი მოხდება აღნიშნული შეთავაზების განხილვა.