ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), კანადისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან ერთად, მხარს დაუჭერს უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიას. ქვეყნები „ნაფტოგაზისა“ და „უკრენერგოს“ დასახმარებლად 36,5 და 54,4 მილიონ ევროს გამოყოფენ.
„უკრაინის ეკონომიკის პრობლემების გადასაჭრელად, EBRD პრიორიტეტულად მიიჩნევს ვაჭრობის დაფინანსებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და სურსათის უსაფრთხოებას, ასევე ფარმაცევტული კომპანიების ლიკვიდურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
კანადის მიერ გამოყოფილი თანხები ზამთრის სეზონამდე უკრაინისთვის გაზის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოყოფილი 54,5 მილიონი ევრო უზრუნველყოფს უკრაინის ელექტროქსელის, ატომური გენერატორებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით ელექტროსადგურების სტაბილურ მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს რუსეთმა მასიური დარტყმები განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიზნეები იყო ენერგეტიკული, სამხედრო სამეთაურო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურები. იმავე დღეს ელექტროენერგიის შეწყვეტა დაიწყო ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოქალაქეებს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისაკენ მოუწოდა.