შვედეთი რუსეთს Nord Stream-ის შემოწმების შედეგებს არ გადასცემს

შვედეთი უარს ამბობს, რუსეთს მიაწოდოს გამოძიების შედეგები Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენების მილების დაზიანების მიზეზების შესახებ, რაც მოხდა სამეფოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, შვედეთში გამოძიება “კონფიდენციალურია” და ეს ეხება ამ საქმესაც.

თითოეული ქვეყანა თავისუფალია, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება, – დასძინა პოლიტიკოსმა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს შეუერთდეს დანიისა და შვედეთის გამოძიებას Nord Stream-ზე.

ამასობაში, გერმანიაში ამ საქმეს ფედერალური პროკურატურა იძიებს. სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, “არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ორივე მილსადენი განზრახ დაზიანდა სულ მცირე ორი აფეთქების შედეგად”. ფედერალურმა პროკურატურამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის სერიოზული თავდასხმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

თავის მხრივ, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლება ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაარკვევს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ დივერსიაზე.

Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილების დაზიანება 26 სექტემბრის ღამეს აღმოაჩინეს დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში. მანამდე სკანდინავიის ორი ქვეყნის სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე წყალქვეშა აფეთქებები დააფიქსირეს.

გაზის გაჟონვა, რომელიც გაზსადენების დაზიანების შედეგად დაიწყო, ოქტომბრის დასაწყისში შეწყდა. 9 ოქტომბერს გერმანიამ დაიწყო გამოძიება ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply