შუახევიჰესის მშენებლობა მთავარ ეტაპზე გადავიდა, პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისა და პროექტის სხვა დეტალების შესახებ „energynews“-ს შუახევიჰესის პროექტის სამშენებლო პროცესის ხელმძღვანელი, პროექტის დირექტორის მოადგილე ჯოშ ჯერარდი ესაუბრა.
რა ეტაპზეა შუახევიჰესის პროექტი და როგორ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები?
შუახევიჰესის მშენებლობას 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ სამშენებლო პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ რომ ჩვენ ვაშენებთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს შუახევიჰესის კასკადს. ამ პროცესში გვაქვს სხვადასხვა გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, ამ ეტაპზე შუახევიჰესის მშენებლობაზე მთლიანი სამუშაოების დაახლოებით 63% უკვე შესრულებული გვაქვს. პროექტი დათქმულ ვადებში ერთ წელიწადში დასრულდება.
შუაჰევიჰესის კასკადი ერთმანეთს გვირაბების საშუალებით უკავშირდება. როგორ მიმდინარეობს გვირაბების მშენებლობის პროცესი და რამდენად რთულია ამ სამუშაოების შესრულება?
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მე უსაფრთხოებას ვთვლი. მთავარია, პროექტი შესრულდეს უსაფრთხოების ყველა პარამეტრის მაქსიმალური დაცვით. პროექტის დაწყებამდე ჩატარდა არაერთი კვლევა, რომლის საფუძველზეც გავთვალეთ ყველა ის სირთულე, რასაც მშენებლობის პროცესში შეიძლება წავწყდომოდით, თუმცა ჩვენ მზად ვართ ყველა გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროექტს აშენებს პროფესიონალთა გუნდი, ვისთვისაც დაუძლეველი წინააღმდეგობები არ არსებობს. ამ ეტაპზე გვირაბების სამუშაოების 72% შესრულებულია.
როდის დასრულდება შუახევიჰესის მშენებლობა და სარგებელს მოუტანს საქართველოს ენერგოსისტემას აღნიშნული ჰესი?
ჩვენ საქართველოში ვაშენებთ მაღალი კლასის პროექტს არამარტო ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, რაც გამოიხატება ყველა იმ სოციალურ პროექტში რაც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება და რეგიონის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა პროექტის მშენებლობაზე და სოციალურ პროექტებში, საქართველოს 650 მოქალაქეა დასაქმებული და მათი უმეტესობა სწორედ მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს. პროექტის დაწყების შედეგად შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მშენებლობის პროცესში გამოცდილება შეიძინა არაერთმა ადამიანმა, პროექტის დასრულების შემდგომ კი მათი ქართულ ბაზარს სახით პროფესიონალი კადრები შეემატება.
შუახევიჰესის პროექტის მშენებლობის არეალში ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს: გზების მშენებლობა, სკოლების, ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია; წარმატებით გრძელდება საგანმანათლებლო პროექტები, ვეხმარებით რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს მცირე ბიზნესის განვითარებაში; ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ პროექტის არეალში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც შუახევიჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს, საქართველოს შეემატება 187 მგვტ. დადგმული სიმძლავრის სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური. შუახევიჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში მოხმარდება საქართველოს ენერგოსისტემას, ხოლო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქვეყანა ჭარბი ოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ექსპორტი თურქეთის მიმართულებით განხორციელდება. დარწმუნებული ვარ შუახევიჰესი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში.
შუახევიხესი – პირველი ჰიდროენერგო პროექტია, რასაც თქვენ საქართველოში ახორციელებთ. რამდენად საინტერესოა თქვენთვის ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობა?
ყველა ჩემი ქართველი კოლეგა, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. შუახევიჰესის პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში ქართველი კოლეგების წვლილი უაღრესად დიდია, როგორც პროექტის მიმდინარე ფაზამდე მიყვანაში, ასევე განვითარების, მშენებლობის კუთხით.
მალე 2016 წელი დადგება, ეს თქვენი პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იქნება. როგორია თქვენი განწყობა, ელით განსაკუთრებულ სირთულეებს პროექტის განხორციელების ბოლო ეტაპზე?
მშენებლობა დინამიურად გაგრძელდება და ერთ წელიწადში ქვეყანას შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი შუახევიჰესის სახით.
ასევე მინდა შევაფასო 2015 წელი, როგორც წარმატებული წელი და მადლობა გადაუხადო თითოეულ თანამშრომელს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მათ შეიტანეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.