ენერგეტიკის მარაგულირებელი კომისიის ერთ-ერთ პირდაპირ მოვალეობაში შედის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ჯარიმების დარიცხვის შესახებ დავების განხილვა. სემეკი განიხილავს, როგორც ელექტროგამანაწილებელი ასე გაზ და წყალგამანაწილებელი კომპანიების წინააღმდეგ არსებულ საჩივრებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.
სემეკის ინფორმაციით, კომისიამ განიხილა დავები მოქალაქეებსა და სს “თელასს” შორის ხანდაზმული დავალიანებების თაობაზე. ასევე, კომისიამ იმსჯელა მოქალაქეების საჩივრებზე შპს “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიმართ, რომლებიც როგორც უსაფუძვლო დარიცხვებს, ასევე ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადების დარღვევებს ეხებოდა.
კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ მთლიანობაში 44 912.86 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.