სექტემბრის პირველ ორ კვირაში ელექტროენერგიის ექსპორტმა 131 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ახალი სავაჭრო რეკორდია. უკრაინისთვის ტრადიციულად ყველაზე დიდი საექსპორტო შემოსავლის მომტანი რაფსის და ხორბლის შემდეგ ელექტროენერგიამ მეორე ადგილი დაიკავა. მადლობა ტარას კაჩკას (უკრაინის ეკონომიკის მინისტრ – „აიპრესი”) კარგი ახალი ამბისთვის, – წერს ფეისბუქზე უკრენერგოს გამგეობის ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კუდრიცკი და დასძენს, რომ რეკორდმა ხელი შეუწყო სავაჭრო დეფიციტის შემცირებას და უკრაინის სახელმწიფოთაშორისი ვაჭრობის დაბალანსებას.ადრე, როდესაც ჩვენ ინტეგრირებულები ვიყავით რუსეთისა და ბელორუსის ენერგოსისტემასთან, ევროკავშირთან ვაჭრობა მხოლოდ ერთ მწარმოებელს შეეძლო. დანარჩენებს, მათ შორის უმსხვილეს სახელმწიფო მწარმოებლებს, ევროპაში ფულის გამომუშავებაზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ. დღეს ეს უკვე ოცნება კი არა, რეალობაა. უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტზე ფულს ორთვენახევარია შოულობს და, როგორც ვხედავთ, უკვე რეკორდებს ამკვიდრებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეტაპობრივად ვხდებით ევროკავშირის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები. ეს არის ENTSO-E-სთან (ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი – „აიპრესი”) ჩვენი სინქრონიზაციის მთავარი შედეგი და წარმატება. ჩვენი მიზანი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტის როლში უკრაინის პოზიციიების განმტკიცებაა, – ამბობს ვოლოდიმირ კუდრიცკი.
უკრაინა ელექტროენერგიას ძირითადად, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს და უნგრეთს აწვდის. სექტემბრამდე უკრაინას სულ 278,75 მილიონი დოლარის ელექტროენერგია ჰქონდა ექსპორტირებული (პოლონეთი – 92,689 მლნ დოლარი, სლოვაკეთი- 59,364 მლნ დოლარი, უნგრეთი – 44,688 მლნ დოლარი, სხვა ქვეყნები – 82,009 მლნ დოლარი). აგვისტოში ელექტროენერგიის საექსპორტო შემოსავლები 73,112 მლნ დოლარი იყო, ივლის-აგვისტოში კი უკრაინამ ევროპის ორ ქვეყანაში ელექტროენერგიის ექსპორტით ორი თვის განმავლობაში 3 მილიარდი გრივნა მიიღო.
წყარო: ipress.ge