გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოსთხოვს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია, განაცხადეს დიპლომატებმა, რომლებიც ესწრებოდნენ 15 სექტემბერს ვენაში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ქმედება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და უკრაინის ნებისმიერი სხვა ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ“.
35-კაციანმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო 26 ხმით, ორი წინააღმდეგი იყო, შვიდმა კი თავი შეიკავა, განაცხადეს დიპლომატებმა და დასძინეს, რომ წინააღმდეგი იყვნენ რუსეთი და ჩინეთი.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ სადგურის სამხედრო ოკუპაცია საგრძნობლად ზრდის ბირთვული ავარიის საფრთხეს უკრაინის მოსახლეობის, მეზობელი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
რუსმა სამხედროებმა და რუსეთის სახელმწიფო ბირთვულმა კორპორაციამ Rosatom-მა უნდა შეაჩერონ ყველა საქმიანობა ატომურ სადგურზე და კონტროლი გადასცენ უკრაინის ხელისუფლებას, აღნიშნულია რეზოლუციაში. IAEA-ში რუსეთის წარმომადგენლობამ პროტესტი გამოთქვა, რადგან რეზოლუციაში არ იყო ნახსენები სადგურის დაბომბვა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბომბავს უკრაინა, რომელსაც მხარს უჭერენ დასავლეთის ქვეყნები.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ჯარმა დაიკავა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრიდან მალევე. სადგურს კვლავ უკრაინელი ექსპერტები მართავენ. არაერთხელ მოხდა სადგურისთვის ცეცხლის დაშენა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამ ეტაპზე ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი გამორთულია.
წყარო: radiotavisupleba.ge