საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის პოზიცია IAEA-ის გამოძიების მიმართ საფრთხეს უქმნის ბირთვულ მოლაპარაკებებს

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ 10 სექტემბერს იმედგაცრუება გამოთქვეს ირანის მოთხოვნის გამო, რომ გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დახუროს გამოძიება თეირანის წარსული ბირთვული საქმიანობის შესახებ. ამის გარეშე, აცხადებს ირანი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლება შესაძლებელი ვერ იქნება.

საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია თვლიან, რომ ეს საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებებს.

ამ თვის დასაწყისში ირანმა თავისი პასუხი გააგზავნა ევროპის კავშირის მიერ შეთავაზებულ ტექსტთან დაკავშირებით. ტექსტი შეეხება შეთანხმების განახლებას, რომლის პირობებით, აშშ-ის, ევროპის კავშირისა და გაეროს მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ თეირანი ზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას.

დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ირანის პასუხი ევროპის კავშირის კოორდინატორის მიმართ უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ცდილობს, შეთანხმების აღდგენა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ურანის კვალზე გამოძიების დახურვას დაუკავშიროს.

“ახალი მოთხოვნა სერიოზულ ეჭვებს ბადებს მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის (JCPoA) წარმატებული გატარების მიმართ ირანის განზრახვებისა და ერთგულების გარშემო”, ნათქვამია E3-ის სახელწოდებით ცნობილი სამი ქვეყნის განცხადებაში.

“ირანის პოზიცია ეწინააღმდეგება მის იურიდიულ ვალდებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის აღდგენის პერსპექტივას”.

აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2018 წელს შეთანხმება დატოვა და ხელახლა დაუწესა ირანს სანქციები, რის საპასუხოდ, ირანმა საფეხურებრივად დაიწყო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევა.

ამით განახლდა აშშ-ის, არაბული ქვეყნებისა და ისრაელის შიში, რომ ის შესაძლოა, ატომური ბომბის შექმნას ესწრაფვოდეს.

ირანი ამბობს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) საბჭო 12 სექტემბერს იკრიბება, სამი თვეში მას შემდეგ, რაც უკვე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ირანს, სანდო პასუხები გასცეს სააგენტოს.

გამოძიება, რომელიც არ არის კავშირში ბირთვული შეთანხმების განახლების მოლაპარაკებასთან, ეხება ირანის ბირთვულ საქმიანობას წარსულში, 2000-იანი წლების დასაწყისში, რის შესახებაც IAEA-ს მისგან სურს მკაფიო და გამჭვირვალე განმარტებები.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply