აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს მიმდინარე წელს 30 პროცენტით გაზრდის, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ცდილობს შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსეთის ენერგიაზე, უკრაინაში კრემლის შეჭრის პირობებში.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, ფარვიზ შაჰბაზოვის თქმით, წელს, რვა თვის განმავლობაში, ბაქომ “ევროპას მიაწოდა 7.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი”.
“ევროპისთვის მიწოდებული [გაზის] სრული მოცულობა 2022 წელს გაუტოლდება 12 მილიარდ კუბურ მეტრს, რაც, 2021 წელთან შედარებით, წარმოადგენს 31-პროცენტიან ზრდას”, – წერს მინისტრი ტვიტერზე.
7 სექტემბერს ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ზედა ზღვარი უნდა დაუწესონ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ფასს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მიწოდებას შეუწყვეტს ყველა ქვეყანას, რომლებიც ნავთობის ან გაზის ექსპორტზე ფასის ზედა ზღვარს შემოიღებენ.
ივლისში ევროკავშირმა და ბაქომ გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი 2027 წლამდე გაზის იმპორტს გააორმაგებს, სულ მცირე წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოებას, რომელიც გადის აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთსა და საბერძნეთზე.
წყარო: radiotavisupleba.ge