რუსეთიდან ლატვიაში ბუნებრივი აირი კვლავ მიედინება. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური მედია ლატვიის მაგისტრალური გაზსადენების ოპერატორ Conexus Baltic Grid-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოპერატორის მონაცემებით ირკვევა, რომ 3 და 4 სექტემბერს რუსეთიდან ლატვიაში 3 გიგავატ საათი გაზი იყო მიწოდებული, 5 სექტემბერს – 4 გიგავატ საათი, ხოლო 6, 7 და 8 სექტემბერს – 11 გიგავატ საათი.
ლატვიამ, ისევე როგორც ლიეტუვამ და ესტონეთმა, შეაჩერა გაზის იმპორტი რუსეთიდან აპრილის დასაწყისში, უარი თქვა კრემლის მოთხოვნაზე რუსული რუბლით გადახდაზე. თუმცა, იმპორტიორმა Latvijas Gaze-მა ეს იმპორტი ზაფხულში განაახლა და განაცხადა, რომ გაზს არ ყიდულობს უშუალოდ მისი უმსხვილესი აქციონერი გაზპრომისგან, ხოლო ანგარიშსწორებას ევროში ახორციელებს. იმ დროს Latvias Gaze-მა უარი თქვა შუალედური მიმწოდებლის დასახელებაზე.
აღსანიშნავია, რომ ივლისში ლატვიის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ენერგეტიკის კანონში, რომლითაც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან სრულად აიკრძალება რუსული გაზის იმპორტი.