რუსულ ტანკერებს ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობი სანქციების მიუხედავად ჩააქვთ

რუსული ტანკერებით ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის ტრანსპორტირება სანქციების მიუხედავად კვლავ ხდება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტის, „სქემების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. შესაბამის ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა MarineTraffic-ის სერვისის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 4-5 ათასი ტონის ტვირთამწეობის რუსული გემები ერთი და იგივე მარშრუტით გადაადგილდებოდნენ. ისინი ნავთობით შავი და აზოვის ზღვრის პორტებში იტვირთებოდნენ და შემდეგ რუმინეთის კონსტანცას პორტისკენ მიდიოდნენ. პორტიდან 17-20 მილის დაშორებით ჩერდებოდნენ და რამდენიმე  დღის შემდეგ რუსეთში უკვე ცარიელები ბრუნდებოდნენ.

„სქემების“ ინფორმაციით, არსებობს რუსული გემებიდან ევროპის ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდების ორი მარშრუტი. ერთის მიხედვით, ნავთობის გადატვირთვა ევროპული დროშის ქვეშ მცურავ გემზე ზღვაშივე ხდება და შემდეგ ის ევროპის პორტში, ძირითადად საბერძნეთში მიდის. ასე, მაგალითად, 12 ივნისს რუსული გემიდან  VF Tanker 11-დან რუმინეთის სანაპიროსთან ნავთობი პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე Star Merlin-ზე გადაიტვირთა, ხოლო შემდეგ ტანკერმა ტვირთი საბერძნეთის პორტში დაცალა.

ასევე გამოძიების ავტორთა თქმით, კონსტანცას პორტთან უკვე 5 თვეა დგას ლიბერიის დროში ქვეშ მცურავი ტანკერი New Legend, რომლის ტვირთამწეობა 80 ათას ტონას შეადგენს. ივნისის შემდეგ რუსული ტანკერებიდან ლიბერიულ გემზე მუდმივად ხდება ნავთობის გადატვირთვა, ხოლო შემდეგ ნავთობის გადატვირთვა სხვა გემებზე ხდება.

„სქემების“ ინფორმაციით, ტანკერები, რომელთა მეშვეობით ევროპაში ნავთობის მიწოდება ხდება, კომპანია რუსულ კომპანია Volga Shipping-ს ეკუთვნის, რომლის მფლობელი რუსი მილიარდერი ვლადიმერ ლისინია. სხვა რუსი ოლიგარქებისგან განსხვავებით, ლისინი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სანქციების სიაში არ მოხვდა. მასზე მხოლოდ ავსტრალიის მიერ დაწესებული სანქციები მოქმედებს.

ივლისში The Wall Street Journal წერდა, რომ ტანკერების ევროპელმა მფლობელებმა, განსაკუთრებით კი ბერძნებმა, მნიშვნელოვნად გაზარდეს რუსული ნავთობის გადაზიდვა ევროკავშირის მოსალოდნელი ემბარგოს წინ.

კერძოდ, მაის-ივნისში ბერძნული გემები  შავი და ბალტიის ზღვის რუსულ პორტებში151-ჯერ შევიდნენ, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. გამოცემის ინფორმაციით, ისინიც გემიდან გემზე ნავთობის გადატვირთვის ტაქტიკას იყენებენ.

საზღვაო გზით ევროპაში რუსული ნავთობის 75%-ის მიწოდება ხდება.

წყარო: pia.ge

Leave a Reply