დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომლის უფლება-მოვალეობის ვადა დღეს ამოიწურა, დაუნინგ-სთრითი დატოვა და გამოსამშვიდობებელ სიტყვაში დარწმუნებით აღნიშნა, რომ ქვეყნის ახალი პრემიერი, ლიზ ტრასი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა ენერგეტიკულ შანტაჟში წარმატებას არ მიაღწიოს.
”მე ვიცი, რომ ლიზ ტრასი და ეს თავდადებული კონსერვატიული მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხს ამ კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს… და ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ პუტინი ფიქრობს, რომ წარმატებას მიაღწევს ბრიტანელების შანტაჟითა და დაშინებით, მაშინ ის აბსოლუტურად ცდება,“ – თქვა ჯონსონმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ მისმა მთავრობამ დაასრულა “ბრექსიტი”, უზრუნველყო ვაქცინაციის სწრაფი დანერგვა ევროპაში და უზრუნველყო მისი სწრაფი გავრცელება.
ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ, რასაც ის მხარს უჭერდა, გავლენა იქონია უკრაინის ომის მიმდინარეობაზე.
„რაც შეეხება ჩემს მომავალ კარიერას, ნება მომეცით – ვთქვა, რომ ახლა იმ ერთ-ერთ რაკეტ-მზიდს ვგავარ, რომელმაც საკუთარი ფუნქცია შეასრულა. ახლა მე ფრთხილად შევალ ატმოსფეროში და შეუმჩნევლად ჩავიძირები წყნარი ოკეანის შორეულ და გაუგებარ კუთხეში“, – დასძინა ჯონსონმა.
სიტყვის დასრულების შემდეგ, ჯონსონი ბალმორალში, შოტლანდიის სამეფო რეზიდენციაში გაემგზავრა, სადაც, წესის მიხედვით, დედოფალს გადადგომის შესახებ ამცნობს.
ამის შემდეგ ლიზ ტრასი ბრიტანეთის ახალ პრემიერმინისტრად დაინიშნება.