გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადის” გავლით ბუნებრივი აირის დასავლეთისთვის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებამდე შენარჩუნდება.
ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, – იტყობინება “ინტერფაქსი”.
“პრობლემები ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიის წინააღმდეგ, დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო წარმოიშვა. არ არსებობს სხვა მიზეზები, რომლებიც გატარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევდა”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პესკოვმა თქვა, რომ ექსპლუატაციაში მხოლოდ ერთი ბლოკი დარჩა “და ისიც გაუმართავია, იქ ხდება ავარია, რაც გატარებას აფერხებს”.
„სანქციები გრძელდება, ისინი აბსოლუტურ დაბნეულობას იწვევს, როგორც იურიდიულს, ისე – პრაქტიკულს, რაც დაკავშირებულია ყველა კომპონენტის და აგრეგატის მუშაობის ტექნიკურ უზრუნველყოფასთან. ახლა ჩვენ შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი გამართვა იქნება შესაძლებელი”, – თქვა მან.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, სანქციების გამო, მილსადენის მთელი ექსპლუატაცია „ეფუძნება ერთ ბლოკს, რომელსაც სერიოზული მოვლა სჭირდება“.
კრემლის სპიკერს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ “ჩრდილოეთ ნაკადით” გაზის გატარების საკითხი მთლიანად სანქციებზეა დამოკიდებული და მიწოდება განახლდება, თუ ეს სანქციები მოიხსნება ან შემსუბუქდება?
„რა თქმა უნდა, იგივე სანქციები ხელს უშლის აგრეგატის მოვლას, მათ გადაადგილებას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების გარეშე, რაც ხელს უშლის ამ სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფას და მსგავსი რამ. სწორედ ამ სანქციებმა გამოიწვია ის ვითარება, რასაც ახლა ვხედავთ”, – აღნიშნა პესკოვმა.
2 სექტემბერს “გაზპრომმა” გამოაცხადა “ჩრდილოეთ ნაკადის” გერმანიისთვის განუსაზღვრელი ვადით დახურვის შესახებ, ოფიციალურად – ტექნიკური მიზეზების გამო.
ევროკომისიამ “გაზპრომის” განცხადებას უწოდა „კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ კომპანია, როგორც მიმწოდებელი, არის არასანდო” და „რუსეთის ცინიზმის დასტური“