ჰაკერულმა დაჯგუფებამ, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, იტალიის ენერგეტიკულ დარგზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
დაჯგუფება BlackCat-მა განაცხადა, რომ ქსელიდან 700 გიგაბაიტი მონაცემები გაიტანა, რომელიც იტალიის ენერგეტიკის სააგენტოს GSE-ს მიერ კონტროლდებოდა. ჰაკერები ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის გავრცელებით იმუქრებოდნენ, თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა. აღნიშნულ შეტყობინებას რამდენიმე შიდა საბუთის გამოსახულება ახლდა.
რამდენიმე დღით ადრე GSE-მა გამოაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც კომპანიამ რამდენიმე IT- სისტემა დახურა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმები დასავლეთევროპულ კომპანიებზე მას შემდეგ გაიზარდა რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მან აღნიშნა, რომ ეს დესტაბილიზაციის გავრცელების მცდელობებია.