ალიევი: „აზერბაიჯანმა ევროპის ენერგეტიკული რუკის შეცვლა შეძლო“

იტალიაში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჩერნობიოში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სტრატეგია ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში რამდენიმე ეტაპად იყოფა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 3 წლის განმავლობაში – 1994 წელს აზერბაიჯანი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კასპიის ზღვაში თანამშრომლობისთვის წამყვანი გლობალური ენერგოკომპანიები მიიზიდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ იწყება აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდება ევროპის ბაზარზე, კერძოდ იტალიაში.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას, რომელსაც ღია ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, მილსადენების საჭიროება დაუდგა და ამის შემდეგ ააშენა ერთი მილსადენი თურქეთის პორტამდე ჯეიჰანში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ხოლო მეორე შავი ზღვის სანაპირომდე საქართველოში.

„ჩვენ სტრატეგიული მილსადენები გავიყვანეთ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის პორტამდე და საქართველოს შავი ზღვის პორტამდე. ჩვენ შევძელით ევროპის ენერგეტიკული რუკის შეცვლა, მოვახდინეთ რა მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაცია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანში ბუნებრივი გაზის მარაგები 2,6 ტრლნ კუბურ მეტრს შეადგენს და რომ 10 წელზე მეტია, მისი ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოებისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელია.

ილჰამ ალიევის თქმით, TAP–ის პროექტის ამუშავებით, რომელიც გაზის სამხრეთის დერეფნის ბოლო მონაკვეთია, დღეისათვის აზერბაიჯანი, თურქეთთან და საქართველოსთან ერთად, ევროპის სამი ქვეყნისთვის ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი გახდა.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply