საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მუშაობის დროს გუნდზე ზეწოლა არ განხორციელებულა.
„ვნახე რამდენიმე კომენტარი, რომ ჩვენ მოგვიწყვეს აღლუმი, თითქოს რაღაც არ გვანახეს. ჩვენ ვნახეთ ყველაფერი, რაც ვითხოვე, რომ მენახა. ვნახეთ ყველაფერი, რისი ნახვაც გვსურდა“, – განაცხადა გროსიმ.
ჟურნალისტმა საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰკითხა, რატომ არ ეთანხმება სააგენტო უკრაინის მოთხოვნას, ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით.
გროსის თქმით, ორგანიზაცია არ აყვება „ხმაურს“ და „მანიპულაციას“.
„როცა ხალხს მოსწონს, რასაც ვამბობთ, ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ. როცა არ მოსწონთ ის, რასაც ვამბობთ, მარიონეტებზე იწყებენ საუბარს ან ამბობენ, რომ ჩვენით მანიპულირებენ. ვიცით, რასაც ვაკეთებთ. არასდროს ვკარგავთ ორიენტირს. რა თქმა უნდა, პატივისცემით ვუსმენთ ამ „ხმაურს“, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები ფოკუსირებულია იმაზე, რასაც ვაკეთებთ“, – აღნიშნა რაფაელ გროსიმ.
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მას ძალიან აშფოთებს ელექტროსდგურზე მომუშავე პერსონალისა და ენერგომომარაგების უსაფრთხოება.
გროსიმ ასევე დაადასტურა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სააგენტოს ხუთი ინსპექტორი დარჩება.