იაპონური კომპანია Mitsui შეინარჩუნებს წილს Sakhalin-2-ში

იაპონური კომპანია Mitsui დათანხმდა რუსულ მხარეს Sakhalin-2-ში ნავთობისა და გაზის პროექტში წილის შენარჩუნებაზე, ნათქვამია იაპონური კომპანიის ვებგვერდზე ოთხშაბათს, 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ფაქტობრივ ნაციონალიზაციამდე და პროექტის ოპერატორის შეცვლამდე Mitsui-ის წილი 12,5 პროცენტს შეადგენდა.

დარჩება თუ არა ეს მოცულობა, კომპანიას არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან, ასევე განიხილავენ შემდგომ ქმედებებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იაპონიის მთავრობასთან და ბიზნეს პარტნიორებთან.

26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ნება დართო, რომ Sakhalin-2-ის პროექტის 12,5 პროცენტი გადარიცხვოდა Mitsui-ს დუბაიში რეგისტრირებულ შვილობილ კომპანია MIT SEL Investment-ს. იაპონური მედიაკომპანიის NHK-ის ცნობით, პროექტის მეორე მონაწილე იაპონიიდან – Mitsubishi Corp. – ასევე აპირებს შეინარჩუნოს თავისი წილი Sakhalin-2-ში, რომელიც ოპერატორის შეცვლამდე 10 პროცენტს შეადგენდა.

30 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ოპერატორი Sakhalin-2, Sakhalin Energy Investment Company Ltd, რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილი ახალი კომპანიის საკუთრება გახდა. ახალი კომპანიის თანამფლობელები იყვნენ “გაზპრომ სახალინის ჰოლდინგი” (50 პროცენტი პლუს 1 აქცია) და თავად კორპორაცია, დარჩენილი აქციები უნდა გადაცემოდათ სხვა მფლობელებს მათი აქციების პროპორციულად.

ძველი ოპერატორის აქციონერებს ერთი თვე მიეცათ გადაეწყვიტათ, დათანხმებულიყვნენ თუ არა წილის მიღებას ახალ კომპანიაში. აქციონერები იყვნენ “გაზპრომი”, Shell, Mitsui და Mitsubishi Corp. ამის შემდეგ ბრიტანულ-ჰოლანდიურმა Shell-მა, რომელიც ფლობდა 27,5 პროცენტს მინუს ერთი აქციას, გამოაცხადა, რომ ტოვებს პროექტს. ამავდროულად, ტოკიოს ხელისუფლებამ იაპონურ კომპანიებს სთხოვა, არ დაეროვებინათ Sakhalin-2.

Sakhalin-2-ის პროექტის ფარგლებში ამოქმედდა რუსეთის პირველი ქარხანა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებისთვის. პროექტი მოიცავს სამ საბურღ პლატფორმას ოხოცკის ზღვაში, ტექნოლოგიურ კომპლექსს სახალინზე და ტერმინალს კუნძულის სამხრეთით. Sakhalin-2 აწარმოებს 10 მილიონ ტონა LNG-ს წელიწადში. ექვსი მილიონი ტონა იგზავნება იაპონიაში.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply