იაპონიის ქალაქმა ფუტაბემ, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ატომური ელექტროსადგური „ფუკუსიმა-1“, სადაც 2011 წელს ბირთვული კატასტროფა მოხდა, გააუქმა მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება. ახლა მათ შინ დაბრუნება შეუძლიათ. მაგრამ უმრავლესობამ გადაწყვიტა, არ დაბრუნდეს.
„ფუკუსიმაში“ ავარიამდე ფუტაბეში შვიდი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად ქალაქი აჩრდილადაა ქცეული. შარშანდელი გამოკითხვის თანახმად, ფუტაბეში დაბრუნება სურს მოსახლეობის მხოლოდ 11%-ს.
ოფიციალური მონაცემებით, ქალაქის ტერიტორიის 80%-ზე მეტზე ჯერაც ფიქსირდება რადიაციის მაღალი დონე. ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოეპოვება ვადები, როდის მოხდება ამ რაიონების დეკონტამინაცია. ის მხოლოდ იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ფუტაბეში ორი ათასამდე ადამიანი იცხოვრებს.
ქალაქი უკანასკნელია 11 მუნიციპალიტეტიდან, სადაც გაუქმდა ევაკუაციის ბრძანება. „ფუკუსიმის“ ავარიის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მცხოვრები 300 ათასზე მეტი ადამიანი აიძულეს, დაეტოვებინა რეგიონი. ათასობით ადამიანმა ეს ნებაყოფლობით გააკეთა. 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ევაკუირებულთა 65%-მდე არ აპირებს დაბრუნებას. მათგან 46%-ს ნარჩენი დაბინძურების ეშინია, 45% კი სხვა ადგილებში დასახლდა.
2011 წლის 11 მარტს იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. წყალმა დატბორა „ფუკუსიმის“ მიწისქვეშა სათავსოები, რამაც გამოიწვია აეს-ის სრული გათიშვა ელექტროენერგიიდან. რეაქტორებში გალღვა რადიოაქტიური საწვავი, დაგროვდა წყალბადი, სამ ენერგობლოკში მოხდა აფეთქებები და ჰაერში ამოიფრქვა რადიოაქტიური ელემენტები.
ავარიას მე-7 დონე მიენიჭა ბირთვული მოვლენების საერთაშორისო სკალით. „ფუკუსიმის“ ავარია ყველაზე მძიმედ ითვლება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 1986 წლის კატასტროფის შემდეგ.
წყარო: radiotavisupleba.ge