თბილისში დღეს ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა, რითიც “აბრეშუმის რკინიგზა” ოფიციალურად გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაური მატარებელს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ “აბრეშუმის გზის” პროექტი საქართველოში ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობას გაზრდის.
მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული „აბრეშუმის გზის“ პროექტი. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია – ევროპას.
ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, რაც საუკეთესო შედეგია იმ პირობებში, როდესაც გემს 40-45 დღე სჭირდება.წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.პროექტით ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება.