ფრანგული კომპანია TotalEnergies ირწმუნება, რომ რუსეთისთვის მიწოდებული ენერგეტიკული პროდუქტები არ გამოიყენებოდა რეაქტიული თვითმფრინავების საწვავის დასამზადებლად, რომელსაც რუსული ჯარები უკრაინის დაბომბვისთვის იყენებენ.
ფრანგულ კომპანიაში განაცხადეს, რომ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შემდეგ მათ მიმართეს რუსულ კომპანია Novatek-ს, რომელთანაც ერთად ფლობენ ერთობლივ საწარმო Terneftegaz-ს, რომელიც გაზის კონდენსატის მიწოდებას უზრუნველყოფს.
„უსტ-ლუგას კომპლექსში გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს საავიაციო ნავთს, რომლის ექსპორტი მხოლოდ რუსეთის ფარგლებს გარეთ ხდება და არც კი არის სერტიფიცირებული შიდა გაყიდვებისთვის“, – აღნიშნეს კომპანია Novatek-ში.
TotalEnergies-მა, რუსული კომპანიის პასუხზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ის ცდილობს „წერტილი დაუსვას უსაფუძვლო განცხადებებს, რომელიც აზიანებს კომპანიის რეპუტაციას და გადაწყვიტა მიიღოს ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა“ ამ მიზნით.
მანამდე ფრანგულმა Le Monde-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ TotalEnergies მონაწილეობას იღებდა გაზის კონდენსატის მიწოდებაში საავიაციო საწვავის წარმოებისთვის, რომელიც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა შეიძლება გამოიყენონ უკრაინის წინააღმდეგ ომში.