ნიდერლანდების ქალაქი ჰააგა ითხოვს, რომ ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვან და 2023 წლის პირველ იანვრამდე ქალაქს „გაზპრომისგან“ გაზის შეძენის უფლება მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები წევრი ქვეყნების მთავრობებსა და სხვა საჯარო უწყებებს ავალდებულებს 10 ოქტომბრამდე შეწყვიტონ არსებული კონტრაქტები რუსულ კომპანიებთან.
ჰააგისთვის ეს ნიშნავს, რომ მან გაზის ახალი მიმწოდებელი უნდა იპოვოს, რათა ჩაანაცვლოს „გაზპრომთან“ არსებული ხელშეკრულება.
ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირის მასშტაბით ტენდერი ჩაატარა ივნისსა და ივლისში, მაგრამ პოტენციური მიმწოდებლებისგან წინადადებების მიღება ვერ მოხერხდა.
ქალაქის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ გაზის ახალი მიმწოდებლების პოვნა ინდივიდუალური მოლაპარაკებების გზით მოხერხდება, თუმცა სავარაუდოდ არა 10 ოქტომბრამდე.
„ჩვენ ვითხოვთ სანქციებიდან გამონაკლისის დაშვებას 2023 წლის პირველ იანვრამდე”, – განაცხადეს ჰააგის საკრებულოში.