ბულგარეთის ტექნიკური მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ გამართოს მოლაპარაკებები “გაზპრომთან” გაზის მიწოდების აღდგენაზე, რომელიც აპრილში შეწყდა. როზენ ჰრისტოვს არ უთქვამს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები რუსულ მონოპოლისტთან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ბულგარეთმა მიიღოს იაფი გაზი.
“მრეწველობისა და პროფკავშირების მოთხოვნებთან დაკავშირებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები გაზის მიწოდების აღდგენის შესახებ გარდაუვალია”, – ციტირებს Reuters ხრისტოვს.
ბულგარეთი თავისი საჭიროებების 90 პროცენტზე მეტს რუსული გაზითფარავდა მანამ, სანამ “გაზპრომმა” აპრილში არ შეწყვიტა მიწოდება. ეს იმიტომ მოხდა, რომ სოფიის ყოფილმა მთავრობამ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის ევროპული სანქციების გამო, უარი თქვა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. “გაზპრომთან” გრძელვადიანი კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს იწურება.
ამჟამად ბულგარეთი, რომელსაც წელიწადში დაახლოებით სამი მილიარდი კუბური მეტრი გაზი სჭირდება, მესამედს აზერბაიჯანიდან იღებს, დანარჩენს კი მსოფლიო ბაზარზე ყიდულობს.
ხრისტოვმა პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის ყოფილი მთავრობა მოსკოვთან ურთიერთობების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.
“გაზპრომთან” დაკავშირებული ვითარება არ არის ვარდისფერი. მოლაპარაკებები იქნება ძალიან მკაცრი და რთული”, – განაცხადა მინისტრმა.
პეტკოვის მთავრობა ივნისში ჩამოიშალა, ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ ექვსი თვის თავზე. ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, ამიტომ პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა და დროებითი ტექნიკური მთავრობა შექმნა.
2 აგვისტოს ასობით ბულგარელი გამოვიდა ქუჩებში დროებითი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, იმის შიშით, რომ ის რუსეთიდან გაზის მიწოდებას განაახლებდა, რაც გაზრდის კრემლის გავლენას ბულგარეთის ეკონომიკაზე. რუსეთის ელჩმა ბულგარეთში 21 აგვისტოს განაცხადა, რომ გაზის მიწოდება შეიძლება განახლდეს, თუ იქნება სოფიის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. მაგრამ იმ პირობით, რომ გადახდა განხორციელდება რუბლში.
წყარო: ipress.ge