ირანმა აშშ-ს მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დასდო ბრალი

ირანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „აჭიანურებს“ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს და ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ისტორიული შეთანხმების განახლებას. თეირანის თქმით, შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლა არ არის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებთან კავშირში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნასერ ქანაანიმ თეირანში 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში მხოლოდ რამდენიმე საკითხიღა რჩება გადასაჭრელი, მაგრამ ისინი ძალზე მნიშვნელოვანია.

„ამერიკელები აჭიანურებენ, ევროპელთა მხრიდან კი უმოქმედობაა… ამერიკას და ევროპას შეთანხმება უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ირანს“, – განაცხადა მან.

ქანაანიმ თქვა, რომ ირანს სურს მყარი გარიგება, რომელიც დაიცავდა მის კანონიერ უფლებებს.

ირანმა 2015 წელი მოაწერა ხელი მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას (JCPOA), რომელსაც მის გარდა ხელს აწერენ აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი.

ამ შეთანხმების ფარგლებში ირანი დათანხმდა, გაეროს ინსპექტორების მეთვალყურეობით შეზღუდოს ურანის გამდიდრება. სანაცვლოდ შეთანხმდნენ მისთვის სანქციების გაუქმებაზე. 2018 წელს ვაშინგტონი მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით, ცალმხრივი წესით გავიდა შეთანხმებიდან და ირანს მძიმე სანქციები დაუწესა. ამის შემდეგ ირანმა უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

მოლაპარაკებების მონაწილეებმა – ირანმა, რუსეთმა და ევროკავშირმა, ასევე გაშუალებული გზით აშშ-მა – 4 აგვისტოს ვენაში განაახლეს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები მრავალთვიანი პაუზის შემდეგ. ირანი ცდილობს მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის არცერთი მომავალი პრეზიდენტი არ იტყვის უარს JCPOA-ზე, თუკი მისი კვლავ ამოქმედება მოხერხდება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply