მოუწევთ თუ არა გერმანელებს თეატრებში და მუზეუმებში პალტოებით სიარული?

გერმანიაში ენერგიის ეკონომიისთვის კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. კელნში ღამის საათებში ტაძრები აღარ განათდება, ელექტროენერგიის ეკონომიის შესაძლებლობებს მუზეუმები და თეატრებიც ეძებენ.  DW ცდილობს დაადგინოს, თუ როგორ ემუქრება ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ევროპაში უკრაინის ომის შედეგად შეიქმნა, გერმანულ კულტურას.

ივლიან თუ არა გერმანელები კონცერტებზე პალტოებში? იქნება თუ არა სიცივე მუზეუმებში? თუ კულტურულ დაწესებულებებს ზამთარში საერთოდ დახურავენ? კულტურის  საკითხებში გერმანიის საბჭო (Deutsche Kulturrat), ასეთ რადიკალურ  სცენარებს არ პროგნოზირებს. ამასთანავე, თუ ასეთ პესიმისტურ განწყობებს არ ავყვებით, მაინც რჩება შეკითხვები – რა შედეგები მოჰყვება გერმანიის კულტურისთვის გერმანიაში რუსული გაზის მიწოდების შემცირებას? და ვინ გადაიხდის დამატებით ფასს ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის შემთხვევაში? ამ შეკითხვებს  Deutche Welle სვამს.

კულტურის საკითხებში გერმანიის საბჭოს ხელმძღვანელი ოლაფ ციმერმანი ამბობს, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია გერმანიის კულტურისთვის. მოსალოდნელ შედეგებზე ციმერმანი დიდი ხანია საუბრობს, მაგრამ ახლა ის ამბობს, რომ განგაშის ატეხის დრო მოვიდა. ციმერმანი ამბობს, რომ საკონცერტო დარბაზებს, არქივებს, ბიბლიოთეკებს რეალური საფრთხე ემუქრებათ.

კულტურული დაწესებულებები ენერგიის ეკონომიის საკითხებზე აქტიურად მუშაობენ.  უკვე შექმნილია სტრატეგიული ჯგუფი Taskforce, რომელიც ამ საკითხების გადაჭრაზე მუშაობს.

გერმანიაში ენერგოეკონომიის კამპანია 10 ივნისს დაიწყო. ის ოფიციალურად გამოაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტრომ. გერმანიის კულტურის მინისტრმა კლაუდია როტმა განაცხადა, რომ ენერგიის მოხმარების ეკონომია ყველგან უნდა მოხდეს, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ კულტურული დაწესებულებების მუშაობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.

დღეს არსებული გაანგარიშებით, მიმდინარე ზამთრის გადასატანად გერმანიაში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირება 20%-ით მოხდება.  ვინ და რამდენ ბუნებრივ აირს მიიღებს, გერმანიის ქსელების ფედერალური სააგენტო წყვეტს. უკვე ახლა კონდიციონერებს სრული სიმძლავრით არ რთავენ, ხდება ცხელი წყლის მოხმარების ეკონომია, ღამით ითიშება გარე განათება. შპაიერის და კელნის ტაძრებმა ღამით განათების გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს. ენერგოეკონომიის ზომები კელნის მუზეუმებშიც ამოქმედდა.

მუზეუმებში და არქივებში, სადაც ექსპონატებისთვის კონკრეტული ტემპერატურა და ტენიანობაა აუცილებელი, ზაფხულში ტემპერატურა ნორმაზე ოდნავ მაღალი იქნება, ხოლო ზამთარში – ნორმაზე ოდნავ დაბალი.

„მთავარია ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევების დაუშვებლობა“, – ამბობს პრუსიის  კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელი გერო დიმტერი.

„კლიმატური ტეხილი წელიწადის დროსთან უფრო მისადაგებული უნდა იყოს“, – აცხადებს დიმტერი.

ექსპერტები ამბობენ, რომ თითოეული დაზოგილი გრადუსი – უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიაა. ამასთანავე, კვლავ რჩება შეკითხვა – როგორ იმოქმედებს ეს ეკონომია ცნობილი ფერმწერების ტილოებზე, საარქივო დოკუმენტებზე, სხვა ექსპონატებზე?

ამ შეკითხვების მიუხედავად, კულტურის ფონდს ყველა ვარიანტში გარკვეულ რისკზე წასვლა მოუწევს. აუცილებელია სწრაფი და გადამჭრელი ზომების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქებში, საკონცერტო დარბაზებში, სკოლებში, მაღაზიებში, საცხოვრებელ სახლებში სინათლე ჩაქრობას დაიწყებს – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამ პროცესის გაკონტროლება უკვე შეუძლებელი იქნება.

წყარო: pia.ge

Leave a Reply