ნედლეულის საკვანძო დარგები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ენერგოკრიზისის გამო. პრობლემები შეექმნათ სამრეწველო და „მწვანე“ ლითონების, ასევე ფოლადის მწარმოებლებს. საწარმოო ხარჯების შემცირება დაიწყეს სასუქებისა და შაქრის მწარმოებელმა კომპანიებმაც, წერს სააგენტო Bloomberg.
გამოცემის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე დაკარგა თუთიისა და ალუმინის წარმოების სიმძლავრეების ნახევარი. ჩინეთის მეტალურგიული ქარხნები კი გვალვამ და ელექტროენერგიის გათიშვამ დააზარალა.
შეერთებულ შტატებში ფოლადის ჩამომსხმელი ქარხნები გარკვეულ ოპერაციებს აჩერებენ, ელექტროენერგიაზე ხარჯების შემცირების მიზნით. პრობლემები შეექმნათ ელექტრომობილების აკუმულატორებისა და მზის პანელების მწარმოებელ კომპანიებსაც.
სასუქების მსხვილი მწარმოებლები პროდუქციის ექსპორტს ამცირებენ და ამის მიზეზად სასურსათო კრიზისის მოლოდინებს ასახელებენ. Bloomberg–ის მონაცემებით, აზოტოვანი სასუქების ევროპელმა მწარმოებლებმა სიმძლავრეების მეოთხედი უკვე დაკარგეს. სასუქების მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაციაში ამბობენ, რომ მომავალ სეზონზე სასუქების გამოყენება 2008 წლის კრიზისის დონეზე დავარდება.
წყარო: gbc.ge