რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ „უკრაინელი დივერსანტების“ მიერ კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების დაზიანება განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„2022 წლის 4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა, რომლებითაც კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით ხორციელდება, როგორც აღნიშნული რეგიონის, ისე მეზობელი რეგიონების ენერგომომარაგება“, – ნათქვამია სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებაში.
უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, დივერსიის შედეგად დარღვეულია ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების ტექნოლოგიური პროცესი. საქმე აღძრულია ტერაქტის მუხლით. მიმდინარეობს დივერსანტების და მათი შესაძლო თანამზრახველების ძებნა.