რაკეტები და ჭურვები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორთან და რადიოაქტიური იზოტოპების შენახვის ადგილთან სულ უფრო ახლოს ეცემა. ამბობენ, რომ ეს შემთხვევით, უნებლიეთ ხდება. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიევი და მისი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, მზად არიან, ახალი ჩერნობილი მოაწყონ.
„რაკეტები და ჭურვები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორთან და რადიოაქტიური იზოტოპების შენახვის ადგილთან სულ უფრო ახლოს ეცემა. ამბობენ, რომ ამას რუსეთი აკეთებს. ეს არის ცხადი, 100%-იანი ტყუილი. გაეროსაც კი არ სჯერა ამის. ამბობენ, რომ ეს შემთხვევით, უნებლიეთ ხდება. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი“, – წერს მედვედევი თავის Telegram-ზე.
ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აგვისტოს დასაწყისიდან რამდენჯერმე გახდა ცეცხლის სამიზნე. 11 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომზე რუსეთმა განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) დელეგაციის ვიზიტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს, რასაც უკრაინაც ეთანხმება. ამასთან, მხარეები ერთმანეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ.