რუსეთმა დაიწყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირებისა და უკრაინულიდან ჩახსნის გეგმის განხორციელება, – განაცხადა ენერგოატომის პრეზიდენტმა პეტრ კოტინმა.
მისი თქმით, რუსები შეეცდებიან სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების გათიშვას ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და შემდეგ ელექტროგადამცემი ქსელის გაყვანას ყირიმიდან:
„როსატომის პერსონალმა სადგურს გადასცა სპეციალური პროგრამა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ყირიმთან დაკავშირების თაობაზე. ამ პროგრამის საფუძველია სადგურის უკრაინის ენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ხაზების დაზიანება. ზაპოროჟიეს ატომური სადგური რომ ყირიმზე გადაერთოს, მას სჭირდება უკრაინის მთელი სამხრეთის ჩაქრობა – ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებული ნაწილების – ეს პროგრამაში წერია. ამის შემდეგ ისინი დაიწყებენ უბნების „შეხორცებას“ ჟანკოის ქვესადგურიდან კახოვსკამდე და შემდეგ „შეიხორცებენ“ ატომურ ელექტროსადგურს. ამის შემდეგ მისი უკრაინის ენერგოსისტემასთან დაკავშირება აღარ იქნება შესაძლებელი. ის რუსულ სიხშირეზე დარჩება.ეს მათი გეგმაა და დაიწყეს მისი განხორციელება“.
მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელება იმაში მდგომარეობს, რომ სამი დღის განმავლობაში სადგურის სამი ხაზი დაზიანდა და ამჟამად ერთი გაცემი ხაზით მუშაობს.