გერმანიის კრემატორიუმები საგანგებო გეგმას ავითარებენ, რომ გაზის მზარდ ხარჯებსა და გათიშვის რისკებს გაუმკლავდნენ. Reuters-ის ცნობით, „გერმანელები გარდაცვალების შემდეგ კრემაციას სულ უფრო ხშირად ირჩევენ, ამ ბიზნესს კი პრობლემები შეექმნება, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს.“
„გაზი შეიძლება, გამორთო, მაგრამ სიკვდილს ვერ გამორთავ,“ – აცხადებს გერმანიის კრემაციის კონსორციუმის თავმჯდომარე, სვენდ-იორკ სობოლევსკი.
მისი თქმით, ნებისმიერი ნორმირების შემთხვევაში, სექტორი პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან გაზის გარეშე კრემატორიუმების უმეტესობა ვერ იფუნქციონირებს.
სააგენტო წერს, რომ „დასავლური სანქციების გამო სულ უფრო იზრდება დაძაბულობა ევროპასა და მოსკოვს შორის, ამიტომ მთელი ერი „გაზპრომის“ მიერ მიწოდების შესაძლო შეწყვეტის გამო მზადყოფნაშია.“
Reuters-ს გერმანიის დამკრძალავ ბიუროთა ასოციაციის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ყოველწლიურად, დაახლოებით, მილიონი ადამიანი იღუპება, საიდანაც, თითქმის, სამი მეოთხედი კრემირებულია. ასოციაციის ხელმძღვანელის, სტეფან ნოიზერის თქმით, ეს მაჩვენებელია, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალია.
ნოიზერის შეფასებით, ეს ნაწილობრივ გამომდინარეობდა ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტრადიციიდან, სადაც, თითქმის, ყველა დაკრძალვა კრემაციის გზით ხდებოდა. ოჯახები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ, ასევე, მათი ხანდაზმულ წევრები ფერფლის ურნებს ირჩევდნენ, რადგან ადგილმონაცვლეობის გამო ახლობლები საფლავებს ვერ მოინახულებდნენ.
სტეფან ნოიზერი ამბობს, რომ „გრძელვადიან პერსპექტივაში გაზიდან ელექტროენერგიაზე გადასვლა შესაძლებელია, თუმცა ეს სწრაფად ვერ მოხდება“. რაც შეეხება უახლოეს პერსპექტივას, ნოიზერის თქმით, ერთადერთი გამოსავალი არსებობს: ღუმელის საშუალო ტემპერატურის შემცირება ამჟამინდელი 850-დან 750 გრადუს ცელსიუსამდე, რამაც შესაძლოა, გაზის 10%-დან 20%-მდე დაზოგოს. თუმცა ამ ზომას ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვა სჭირდება.
ამჟამად კრემატორიუმები ზოგიერთ ღუმელს თიშავენ, თუმცა დანარჩენს მუდმივად ჩართულს ტოვებენ, რომ არ გაცივდეს, რადგან ხელახლა გაცხელებას მეტი გაზი სჭირდება. Reuters-ის ცნობით, გაზის უკმარისობის შემთხვევაში, მხოლოდ ის ღუმელები იმუშავებენ, რომლებიც მუდმივად ცხელია, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემატორიუმები მხოლოდ შემცირებული სიმძლავრით შეძლებენ მუშაობის გაგრძლებეას.
გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებთან გაზის მინიმალური ტემპერატურის ნორმირებაზე მუშაობს და კრემატორიუმებზე შესაბამისი ნებართვები უახლოეს კვირებში გაიცემა.
წყარო: bpn.ge