ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპა „ყველაზე ცუდი სიტუაციისთვის“ უნდა მოემზადოს რუსეთის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.
„იმის გამო, რომ რუსეთმა უკვე სრულად ან ნაწილობრივ გადაუკეტა გაზის მიწოდება 12 წევრ ქვეყანას, ყველა ჩვენგანი ყველაზე ცუდი სიტუაციისთვის უნდა მოემზადოს“ – უთხრა ფონ დერ ლაიენმა ესპანურენოვან გამოცემა Mundo-ს.
რუსეთმა გაზის მიწოდება შეუჩერა ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, მათი უარის გამო საფასური რუბლებში გადაეხადათ – მოთხოვნის, რომელიც, ევროპის ქვეყნების აზრით, უკავშირდება კრემლის ძალისხმევას შეამსუბუქოს რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები.
რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა გერმანიასაც, მილსადენით „ჩრდილოეთის ნაკადი -1“, და ამის მიზეზად ასახელებს სარემონტო საკითხებს – რაც, გერმანიის თქმით, შეთითხნილი მიზეზია, დასავლეთის სანქციებზე შურისძიების მიზნით.
რუსეთის გაზის მიწოდების შემცირების გარშემო მზარდმა შეშფოთებამ ევროკავშირს გასულ კვირაში უბიძგა შეთანხმებისკენ სასწრაფო გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს გაზის მოხმარების შემცირებას, ზამთრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
ფონ დერ ლაიენმა ამას უწოდა „გადამწყვეტი და უპრეცედენტო ნაბიჯი“, რომელიც გადაიდგა ერთ კვირაში მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა გაზის სრულად გადაკეტვის მუქარით.
ესპანეთი თავიდან ეწინააღმდეგებოდა სასწრაფო გეგმას, თუმცა გარკვეული კომპრომისები მიღების შემდეგ ის დაამტკიცა.
ფონ დერ ლაიენი, რომელმაც გამოცემის კითხვებს ელექტრონული ფოსტით უპასუხა, მიესალმა ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას და თქვა, „კიდევ ერთხელ, ეს საკითხი ევროპულ სოლიდარობას ეხება“.
წყარო: “რადიო „თავისუფლება“