თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველო გაზპრომისგან გაზს აღარ იყიდის

თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველო გაზპრომისგან გაზს აღარ იყიდის

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველოს აღარ მოუწევს, დამატებით ბუნებრივი აირი შეიძინოს „გაზპრომისგან“.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რაც შეეხება იმ 10%-ს, რომელსაც საქართველო როგორც გამტარი ქვეყანა იღებს, ბუნებრივი აირის აღნიშნულ მოცულობას ქვეყანა კვლავ მიიღებს.

კახა კალაძის თქმით, მას გაუჭირდება ზუსტად იმის თქმა, დასრულდება თუ არა „შაჰდენიზის“ პროექტი 2018 წლამდე, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი.
„შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტს რაც შეეხება, არ ვიცი რამდენად შესაძლებელია მისი დასრულება 2018 წლამდე, რადგან მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი. საუბარი იყო, როდესაც ამ პროექტის განხორციელება დაიწყო, იმაზე, რომ 2019-2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა გამიჭირდება იმაზე საუბარი, რამდენად შესაძლებელი იქნება 2018 წელს დასრულდეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუმცა, საქართველოში მიმდინარე სამუსაოებს არანაირი შეფერხება არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროექტის განხორციელება 2018 წლამდე მოხდება, ანუ 2018 წელს თუ ჩვენ შეგვეძლება დამატებითი ბუნებრივი აირი მივიღოთ, ჩვენ არ დაგვჭირდება „გაზპრომისგან“ დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვა, თუმცა 10%, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გატარებაში, მას აუცილებლად მივიღებთ, ხოლო 2018 წლამდე თუ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა კალაძემ.

Leave a Reply