ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა.
„გაერთიანებაში მოლაპარაკებების წარმართვა მნიშვნელოვანი საკითხია. ამას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომელიც ჩემთვის საკმაოდ მაღალი დონის დოკუმენტია. ხელშეკრულებაში გვაქვს ოფცია წევრობის თვალსაზრისით 2016 წლის სექტემბრისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოლაპარაკებების დასრულება სწორედ ოფიციალურად დადგენილი ბოლო ვადის ფარგლებში განხორციელდეს. პროცესში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. კონსტრუქციული პოზიციები ორივე მხარის მიერ იყო დემონსტრირებული. საქართველო არ არის ევროპული ბაზრის ნაწილი. შესაბამისად, გარკვეული სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება და სფეციფიკური მიდგომების დაშვებაა საჭირო. ეს პროცესი საქართველო–ევროკავშიორის ურთიერთობებში საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი და იმედს გამოვთქვამთ, რომ მოლაპარაკებების დასრულება მაქსიმალურად წარმატებულ ფორმატში განხორციელდება“, – აღნიშნა ვალიშვილმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პერიოდში სადავო საკითხები არ ყოფილა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რა პირობებით, რა ვადით და რა გამონაკლისების ფორმატში შესრულების ვალდებულება იქნება დაკისრებული.