საფრანგეთი გაზის მოხმარების შემცირების ევროკავშირის გეგმას დაუჭერს მხარს

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის, ანიეს პანიე-რუნაშეს განცხადებით, ევროკავშირის გეგმა, რომელიც გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას გულისხმობს, ევროპული სოლიდარობის აუცილებელი გამოვლინებაა და საფრანგეთი მას მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი პროფილის მინისტრები გაზის მოხმარების შემდგომი შემცირების კურსს შეათანხმებენ.

“ეს კი საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ სოლიდარობა, რომელიც დღეს ასე საჭიროა ევროკავშირში. გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება სრულად შეესაბამება “ენერგეტიკული სიფხიზლის” გეგმას და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ”, – თქვა ფრანგმა მინისტრმა.

ამასთან, პანიე-რუნაშემ აღნიშნა, რომ საფრანგეთის სტრატეგიული გაზსაცავები​ 73%-ით არის შევსებული მაშინ, როდესაც თავდაპირველი გეგმა იყო 1-ელი აგვისტოსთვის მათი 52%-ით შევსება.

მან ასევე თქვა, რომ საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა სახელმწიფო ორგანოებში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების გეგმა აამოქმედა.

გეგმა გულისხმობს ადმინისტრაციებსა და სამინისტროებში გაზის და ელექტროენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით დაზოგვას: გამათბობლების ტემპერატურის დაწევას, კონდიციონერების გამოყენებაზე მეტი ყურადღების მიქცევას, ასევე, მანქანებით გადაადგილების კონტროლს.

“ადმინისტრაციებმა და სამინისტროებმა საფრანგეთის მოქალაქეებს მაგალითი უნდა უჩვენონ”, – დაასკვნა მინისტრმა.

Leave a Reply