“ევროპა ცდილობს, რუსული გაზისგან სრული დამოუკიდებლობა 2027 წლისთვის მოიპოვოს”

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, როგორც გაზის მიწოდებაში პარტნიორი – არასანდოა, ევროკავშირმა უნდა შეამციროს მისი მოხმარება ისე, რომ 2023 წლის მარტისთვის დანაზოგი 15% (45 მილიარდი კუბური მეტრი) შეადგინოს.

ამის შესახებ მან dpa-სთან ინტერვიუში თქვა.

“ჩვენს მთავარ მიზნად რჩება, არაუგვიანეს 2027 წლისა რუსული გაზის იმპორტისგან სრული დამოუკიდებლობა შევძლოთ,” – ხაზგასმით აღნიშნა მან.

დიპლომატის თქმით, REPowerEU მექანიზმის მეშვეობით, ბრიუსელს სურს – 300 მილიარდი ევროს ინვესტიცია ისეთ პროექტებში განახორციელოს, რომლებიც გაზის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

„ამავდროულად, ჩვენ ვაფორმებთ ახალ ხელშეკრულებებს უფრო სანდო პარტნიორებთან, როგორებიცაა აშშ და ნორვეგია“, – დასძინა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროპა რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის უნდა მოემზადოს, რაც “ადრე თუ გვიან მოხდება”.

„ამჟამად, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ გვაწვდის გაზს ან საერთოდ არ აწვდის ლურჯ საწვავს ევროკავშირის 12 წევრ სახელმწიფოს. ამიტომ, ევროპა მზად უნდა იყოს ყველაზე უარესი სცენარისთვის: მიწოდების სრული შეჩერებისთვის – ადრე თუ გვიან“, – მიიჩნევს ევროკომისიის პრეზიდენტი.

Leave a Reply